21 დეკემბერი 2024,   19:50
ვრცლად
თეთნულდზე დაშავებული ტურისტებიდან ერთს ტერფის ძვალი, მეორეს კი ნეკნი აქვს მოტეხილი, ისინი საავადმყოფოში რჩებიან - მესტიაშია ჩამოსვენებული დაღუპული ტურისტიც

საბედისწერო მსვლელობა თეთნულდზე. მწვერვალზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.

დღეს მაშველებმა, მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. 

ექიმის განცხადებით, დაშავებულ ტურისტებს - 32 წლის ქალს ტერფის ძვალი, 40 წლის მამაკაცს კი ნეკნი აქვს მოტეხილი. ქირურგ ავთო გვალიას თქმით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს ფეხით მოუხდა სიარული, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთამსვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები