25 აგვისტო 2026,   17:52
ვრცლად
"სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს" - ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის პროცესში მონაწილეობას თავდაცვის ძალებიც იღებენ

საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო. ხანძრის ქრობის პროცესში თურქული ავიაციის ჩართვა მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პირადად რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით მოხდა. ხანძარს მეხანძრე მაშველები უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა პროცესს რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ბრიგადის გენერალი, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, როლანდ ძნელაძე ამბობს, რომ სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ასრულებენ მათ ამოცანებს და დაკისრებულ მოვალეობებს.

"საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე მესამე დღეა აქტიურადაა ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ განაწილებული ვართ აღმოსავლეთ მიმართულებაზე, სოფელ დვირის მიმართულებით. მიუხედავად ამოცანისა და რელიეფის სირთულისა, სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ასრულებენ თავიანთ ამოცანებს და ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს," - განაცხადა ძნელაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკი, მეცამეტე ბატალიონის მეთაური, ნიკოლოზ ვაშაყმაძე აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა უკვე მესამე დღეა ჩართულია ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში. მისი თქმით პირადი შემადგენლობა მოტივირებულია და ამ ეტაპზე რაიმე გართულება არ არის.



დღის ამბები