22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ბრძოლის ველად ქცეული ქალაქი სლავიანსკი ომის დაწყებიდან 186-ე დღეს საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. თავდასხმა ისევ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

ისევ სამიზნეა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი. ხარკოვს საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდიდან შეუტიეს. დაიბომბა საცხოვრებელი უბნები. ქალაქის გარდა არაერთი თავდასხმა განხორციელდა ოლქის რამდენიმე დასახლებაზეც. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კრემლი ბირთვულ შანტაჟს აგრძელებს და ზაპოროჟიეზე შეტევას არ წყვეტს. ოლქში საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 5 საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ოკუპანტებმა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეზღუდვის მიზნით სუმის რეგიონზე 30-ჯერ მიიტანეს იერიში. ისევ დაიბომბა დნეპროპეტროვკის ოლქიც.

უკრაინის არმია რუსეთის შეტევების მოგერიებას განაგრძობს დონბასის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბახმუტშიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ქალაქში შეღწევას დონბასის რეგიონზე კონტროლის გაფართოების მიზნით ცდილობენ.

ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინულ არმიას ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში გაანადგურებდა, თუმცა, კრემლმა მიზანს ვერ მიაღწია.

გამარჯვებისთვის კი ომში მყოფი ქვეყანა პოზიციებს აძლიერებს. უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შტაბი დაბომბეს ოკუპირებული ხერსონის ოლქის პივნიჩას რაიონშიც. თავდასხმამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია. გენერალური შტაბის ინფორმაციით, კონტრშეტევას უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთანაც.

დღის ამბები