ტყიბულში მეშახტის დღე აღინიშნა. "საქნახშირის" ორგანიზებით, დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში კოსტიუმირებული წარმოდგენები და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
კომპანიის ხელმძღვანელებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ ფულადი პრიზები და მადლობის სიგელები გადასცეს.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა კომპანიის სამი წლის ანგარიშის წარდგენა. ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ახალი შახტის პროექტზე მუშაობა, სამუშაოებზე 450-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ახალი შახტი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე 2300 სამუშაო ადგილს შექმნის.
საღამო "ქართული ხმებისა" და "ღამის შოუს ბენდის" კონცერტით და ფოიერვერკით გაგრძელდა.