ოკუპირებულ ხერსონში უკრაინელების წინსვლის პარალელურად, რუსეთი სხვადასხვა ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს. რუსებმა ხარკოვის ცენტრში საცხოვრებელ შენობას დაარტყეს, შედეგად, ორი მოქალაქე დაშავდა. დაბომბვის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ოკუპირებული ყირიმის სოფელ კრასნოგვარდეისკოეში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი ნავთობის საცავს უკიდია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროების თავდასხმებს დონეცკის რეგიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, შეუტიეს მიკოლაევსაც.
მიკოლაევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, ასევე მაღაზიები, აფთიაქები და კოლეჯები. არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
ომის დაწყებიდან 189-ე დღეს სამიზნედ ისევ რჩება ხარკოვი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ცენტრზე არაერთხელ მიიტანეს იერიში, შედეგად დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. რამდენიმე დაჭრილი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
გარდა ქალაქ ხარკოვისა, ოლქის 14 დასახლება დაიბომბა ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, აქაც არიან დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს კრამატორსკის ცენტრის საცხოვრებელ კორპუსებზე, არიან დაჭრილები, ამ დროისთვის კი სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას ხერსონის ოლქში, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი და 4 სოფელი უკვე დაიბრუნეს უკრაინელებმა და აღადგინეს კონტროლი.
პარალელურად, უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებს უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ: გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.
"რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჰქონდა ბრძანება, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღო აგვისტოს ბოლოსთვის. აგვისტოს ბოლო დღეს არის, დონბასში კი, უკრაინული დროშა ფრიალებს. მადლიერი ვარ თითოეული იმ ადამიანის, ვინც ასე დგას, იცავს საკუთარ პოზიციებს, ამცირებს ოკუპანტების ტექნიკას, ლოჯისტიკას, სამხედრო მასალებს.
ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საცავს და შტაბს, ტექნიკას, სადაც უნდა განათავსონ ისინი. ეს უკრაინის მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ, გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ. სხვა ვარიანტს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ. მოვუწოდებ ყირიმის მცხოვრებლებს თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან. მიაწოდონ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ, რათა უფრო მალე მოხდეს ყირიმის გათავისუფლება. რუსებს, ოკუპირებული ყირიმიდან დაწყებული, ხარკოვის ოლქამდე, არ ექნებათ არც ერთი უსაფრთხო ბაზა, არც ერთი მშვიდი ადგილი," - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტს ეთანხმება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ამ ომში უკრაინის გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა დაიბრუნებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგება.
"24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნება ეს არის იმ წამების გაგრძელება, რაშიც უკრაინა 2014-დან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში იქნება ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, სამხედრო გზით და დიპლომატიით. დადგება ომის მეორე ფაზა , რაც იქნება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავეების დასჯა. მესამე ფაზის დროს კი მოხდება რუსული პოლიტიკური ელიტისა და რუსი ერის მონანიება. მე ისევ მჯერა, რომ დადგება დღე, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც უნდა იყოს ის, ჩამოვა უკრაინაში, რუსული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალთან მუხლებზე დადგება, ძალიან დიდი ხანი იდგება მუხლებზე და ბოდიშს მოიხდის ამ ბოროტებისთვის – ეს უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვება იქნება," - აცხადებს კულება.
ვითარება კრიტიკულია ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, სწორედ ელექტროსადგურში ვიზიტისთვის ემზადებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები. 14 კაციანი ჯგუფი დღეს კიევიდან ზაპოროჟიეს ოლქში გაემგზავრა და ისინი ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას.