07 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
13 საათიანი მცდელობის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდა

13 საათიანი მცდელობის შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდა. სპეციალური ჯგუფი ოლქში გუშინ ჩავიდა, თუმცა წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს და ექსპერტები გადაადგილებას დღის მეორე ნახევრამდე ვერ ახერხებდნენ.

მისიის შეფერხებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვამ კი მეხუთე ენერგობლოკის დახურვა გამოიწვია, რაც ენერგოატომის ინფორმაციით, ობიექტში მოქმედი ორი რეაქტორიდან ერთ-ერთი იყო.

ქალაქ ენერგოდარზე თავდასხმა საოკუპაციო ძალებმა დილის 5 საათიდან დაიწყეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროები საცხოვრებელ კორპუსებს ნაღმტყორცნებიდან ესროდნენ, ქალაქი იბომბებოდა ავიაციითაც. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ომის დაწყებიდან 190-ე დღეს უკრაინაში ფრონტის ორი უკიდურესად მწვავე ხაზი რჩება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის სრულად დაკავებას ცდილობენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ.

ფრონტის მეორე და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ხაზი ხერსონის ოლქია. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას წარმატებით განაგრძობენ. უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციული ვიდეომიმართვა ამჯერად სწორედ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხებოდა.

საოკუპაციო ძალები კი არ წყვეტენ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას სხვადასხვა ქალაქში. დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის დროს. 

დღის ამბები