07 მაისი 2024,   04:24
ვრცლად
1 კილოგრამი თეთრი ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი - მევენახეები სუბსიდირების პროგრამით წელსაც ისარგებლებენ

მევენახეები სუბსიდირების პროგრამით წელსაც ისარგებლებენ. კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, თუმცა 7 ათასამდე ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი უკვე გადამუშავდა. პროცესში დღემდე 40-მდე დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს, 1 კილოგრამ ყურძენში კი მევენახეს სულ მცირე 90 თეთრს გადაუხდის.

შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, სადაც განმარტავენ რომ პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დინამიკა. შტაბის უფროსი ამბობს რომ სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე ფერმერი შეძლებს. საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 170 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.

მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებაზე, როგორც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ წელს ყურძნის რეკორდულ, 300 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. მათივე განმარტებით, მთავრობას სუბსიდირების პროგრამა ჯამში, დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება.

 

დღის ამბები