ლიკანის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია - ახალი კერა ბორჯომის ხეობაში გუშინ გააქტიურდა, მას შემდეგ ადგილზე ცოცხალი ძალა და ავიაცია უწყვეტად მუშაობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე იმყოფებოდა სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, რომელმაც სტიქიასთან ბრძოლის მიმდინარე პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით დამწვარი ტერიტორია საკმაოდ მცირეა.
"მოხდა ჩვენი სამსახურების დროული მობილიზება და ფაქტობრივად ცეცხლის ახალი კერა სრული კონტროლის ქვეშაა. მობილიზებულია დაახლოებით 500 ადამიანამდე ცოცხალი ძალა, შესაბამისად წყალი შეტანილია და მიმდინარეობს არსებული კერების სრული დამუშავება. ფართობის განსაზღვრა ჯერ-ჯერობით ცოტა რთულია, თუმცა პირველადი ინფორმაციით დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრის ფარგლებშია," - აცხადებს ობოლაშვილი.
მეხანძრე-მაშველებთან და ავიაციასთან ერთად, გუშინდელიდან მოყოლებული ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული მეტყევეებიც.
ვიდრე ოფიციალურად დადგინდება თუ რა გახდა ახალი კერის გაჩენის მიზეზი, ხანძრის პირველი კერის, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაზეც საკმაოდ მცირე დაკვამლიანება შეინიშნება, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და საჭიროების დროს ავიაციაც.
ავტორი : სანდრო სანაია