09 მაისი 2024,   13:56
ვრცლად
ქალები ქუჩებში ჰიჯაბებს წვავენ - ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება

ირანში ქალების პროტესტი სულ უფრო მწვავდება - მანიფესტანტები ქუჩაში თავსაბურავებს წვავენ. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, მორალის პოლიციამ 22 წლის ქალს სასიკვდილოდ სცემა.

მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ გასულ კვირას დააკავა, ის დაადანაშაულეს ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევაში, რაც ქალებს ავალდებულებს თმის დაფარვას ჰიჯაბით, ხელებისა და ფეხების კი - განიერი სამოსით. პოლიციამ ქალს სასტიკად სცემა, მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, 3-დღიანი კომის შემდეგ კი ამინი გარდაიცვალა. 

პოლიცია ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობენ, რომ 22 წლის ქალი გულის მოულოდნელი შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ამინის ოჯახი ამტკიცებს, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო. 

მაჰსა ამინი დასავლეთ ირანში მდებარე ქურთისტანის პროვინციიდან იყო. საპროტესტო აქციები, თეირანის მსგავსად, ქურთისტანშიც მიმდინარეობს, სადაც ორშაბათს პროტესტის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

როგორია ჰიჯაბის ტარების წესები

 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანმა სავალდებულო დრესკოდი დააწესა ქალებისთვის - ყველა მათგანს თავსაბურავი და განიერი სამოსი უნდა ეცვას, რომელიც მათ სხეულს მთლიანად დაფარავს. 

მორალის პოლიცია ქალების ჩაცმულობას ამოწმებს. ოფიცრებს აქვთ უფლება, გააჩერონ ქალები და მისცენ შენიშვნა, თუ მათ თმა უჩანთ, შარვალი, ან მოსაცმელი მოკლე აქვთ, ან"ზომაზე მეტი" მაკიაჟი უსვიათ. წესის დარღვევისთვის, სასჯელის ფორმებია ჯარიმა, პატიმრობა, ან გაროზგვა.  

დღის ამბები