03 სექტემბერი 2026,   09:20
ვრცლად
სასამართლოში ნელი დოროყაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოულოდნელად დაგეგმილი თამაშის გამო სხდომიდან გათავისუფლება ითხოვა

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი მიმდინარეობს. უკვე მეოთხე სხდომაა, რაც მხარეების კითხვებს ნელი დოროყაშვილი პასუხობს. სავარაუდოდ დაზარალებულის დაკითხვა დღეს დასრულდება.

პროცესს დისტანციურად ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, დღის მეორე ნახევარში მისი ყოფილი მეუღლის დაკითხვა მის გარეშე გაგრძელდება, რადგან სპორტსმენმა მოითხოვა სხდომიდან გათავისუფლება მოულოდნელად დაგეგმილი თამაშის გამო.

სხდომის დაწყებამდე ნელი დოროყაშვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აპირებს უჩივლოს ბრალდებულის ადვოკატს.

დაცვის მხარის კითხვების ნაწილი,  ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებულ კადრებს უკავშირდებოდა. ნელი დოროყაშვილის თქმით, კადრი უწყვეტად ერთი პოზიციიდან გადაღებული არაა რადგან მას ადგილის ცვლილება უწევდა:

ბოლოს ძალადობა რომ დასრულებულიყო ჩავწექი საწოლში, იმ განცდით, რომ დაესრულებინა ძალადობა. კადრი რომელიც გადავიღე არაა უწყვეტი, იმიტომ რომ კონკრეტულად ერთ ადგილზე არ ვწევარ, ტელეფონი მეჭირა სხვადასხვა ხელში, სხვადასხვა მდგომარეობაში ვწევარ საწოლზე, ვცდილობ ფეხიც ავაფარო, თვალნათლივ რომ არ დაენახა, რომ ვიღებდი, - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე მთლიანად შურისძიების მოტივებზე დგას და დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს.

"საქმე ბასილაშვილი მიმართ არის თავიდან ბოლომდე შურისძიების მოტივებზე მდგარი. შურისძიება რომ ძალიან სულმოკლე საქციელია, მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის და ქალბატონ ნელის დაკითხვის შემდგომ, სასამართლო გამოიტანს ერთადერთ გადაწყვეტილებას და ეს იქნება გამამართლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველა ერთად ვხედავდით გუშინ, რომ ის გაურბოდა კითხვებს," - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

პროკურორის განცხადებით, წინა სხდომაზე დაცვის მხრიდან იყო არაერთი კითხვა, რომელიც ბრალდების მხარის შეფასებით საქმესთან კავშირში არ იყო და დადგა მათი აცილების შუამდგომლობები, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურორი ნათია გურულის თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დღის ამბები