25 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
მიიღებს თუ არა ევროკავშირი და აშშ რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებს - რუსეთში, ჯარისგან თავის ასარიდებლად ფეხში დაჭრილი მამაკაცების რაოდენობამ იმატა

ფეხის მოტეხვა და სხვადასხვა თვითდაზიანების მიყენება, რუსეთის მოქალაქეებისთვის პუტინის ომის თავიდან ასარილებლად ერთ-ერთი ხერხია. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს თუ რა უკიდურეს ზომებს მიმართავენ ისინი, ვინც ომში გაწვევის შეტყობინება მიიღეს და ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს. ინტერნეტში მსგავსი შინაარსის ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება.

აქტიურად ვრცელდება სამხედრო წვრთნების კადრებიც რუსულ სამთავრობო მედიაში. სანამ რუსეთის თავდაცვის მინისტრი იმ რეზერვისტებს წვრთნის, რომლებმაც უკრაინელების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ, მანამდე სამშობლოდან გაქცეული დეზერტირების რიცხვი მეზობელ ქვეყნებში ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ ერთ კვირაში ყაზახეთის საზღვარი თითქმის 100 ათასმა რუსმა გადაკვეთა. შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რომ მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავენ.

რეზერვისტების მობილიზაცია ხდება დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც. როგორც ირკვევა, გაწვეულთა უმეტესობას არანაირი სამხედრო გამოცდილება არ აქვს.

როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები მეზობელი ქვეყნების გარდა, თავშესაფრის ძიებას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებშიც ცდილობენ. ევროკავშირში ბოლო ერთ კვირაში 66 ათასი რუსი შევიდა. ევროპულ გაერთიანებაში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან შეიფარონ თუ არა რუსეთის მოქალაქეები.

ევროკავშირისგან განსხვავებით რუსეთის მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს ვაშინგტონს. თეთრ სახლში აცხადებენ რომ მათთვის, ვისაც პუტინის ომში ბრძოლა არ სურთ, შეერთებული შტატები თავშესაფრის მიცემის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს .

სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ, რადგან ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში მათ გამოყვანას ვეღარ შეძლებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ლატვიამ რუსეთ-ლატვიის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



დღის ამბები