25 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება - "ოტელოს" მაყურებელი განსხვავებული ფორმით, მსახიობების ცოცხალი და თოჯინური შესრულებით იხილავს

უილიამ შექსპირის "ოტელო" წლების შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე გაცოცხლდება. ახალ დადგმაში პეტრე ოცხელის ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც დროს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია.

თოჯინებით მოყოლილი ამბები სიყვარულზე, ღალატზე, ეჭვიანობასა და შურისძიებაზე - სცენაზე უილიამ შექსპრის ტრაგედიას თოჯინებთან ერთად, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებიც გაითამაშებენ. 5 მოქმედებიან პიესას 4 მთავარი პერსონაჟი: ოტელო, დეზდემონა, იაგო და კასიო ჰყავს, თუმცა მათ დაეხმარება პერსონაჟი მასხარა, რომელიც დამატებით ეფექტს შესძენს სპექტაკლს.

"ოტელოს" როლს როლი შალვა ანთელავა შეასრულებს, დეზდემონას -თაკო ჭანუყვაძე. ახალ დადგმაში იაგოს ნიკო ნანიტაშვილი განასახიერებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს მისი საოცნებო როლია და დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

პრემიერამდე ცოტა დრო რჩება, რეჟისორი მსახიობებს ბოლო მითითებებს აძლევს, თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი, დეკორაციები და სცენოგრაფია ის ჩამონათვალია, რომელიც ,,ოტელოს"" ახალ დადგმას საინტერესოს და გამორჩეულს ხდის.

სპეკტაკლი კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს ეძღვნება. "ოტელოს" ახალ დადგმას მაყურებელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს იხილავს.

დღის ამბები