15 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ხაბეიშვილის რეიდი ხარაგაულში, რომელიც გინებითა და ჩხუბით დასრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზემო იმერეთში არასწორად გაცემულ სოციალურ შემწეობებს ეძებს

ფიზიკური დაპირისპირება ხარაგაულში ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის გამოჩენას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახისთვის სოციალური შემწეობის გაცემას აპროტესტებდა.

ხაბეიშვილს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და ხარაგაულის დატოვება მოსთხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით ანტიკორუფციული მოძრაობა რაიონში დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს წევრებიც დახვდნენ, საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე იყო სიტყვიერი შელაპარაკებაც. ხაბეიშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს შემწეობის გაცემაზე პასუხები მოსთხოვა.

ბრალდებებს თავად ადრესატიც გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განმარტა, რომ ფინანსურ დახმარებას მთავრობის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ გასულ წელს მესამე შვილი შეეძინა.

დღის ბოლოს ხარაგაულში განვითარებულ მოვლენებს ქართულ ოცნებაშიც გამოეხმაურნენ. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ხარაგაულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა, სამართალდამცველებმა დაძაბული სიტუაცია განმუხტეს. დღის ბოლოს, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა და ხაბეიშვილმა ხარაგაული დატოვეს.

დღის ამბები