19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. მას დანაშაული არც სასამართლო დარბაზში უღიარებია. 20 წლის ეგვიპტელ ახალგაზრდას 40 წლის ქალის მკვლელობას ედავებიან, ის დიღომში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე იმავე ბინაში დააკავეს, სადაც ცხედარი იპოვეს. ბრალდებულის დუმილის მიუხედავად, დღეს ახალი გარემოებები გახდა ცნობილი რაზეც პროკურორმა ისაუბრა.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაჭიროება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 

"ექსპერტიზის ჩატარებაზე თანხმობას აცხადებს ბრალდებული, რათა რეალურად გაირკვეს, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. დღეს ჩვენ დავეთანხმეთ ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით ყოფილიყო პატიმრობა გამოყენებული. მიგვაჩნია, რომ ბრალდებულს სჭირდება სტაციონარულ ფორმატში ფსიქიატრიული ექსპერტიზა,"-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

რაც შეეხება საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებას, ბრალდებულის წინააღმდეგ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის არის ვიდეომასალაც. 

"2022 წლის 6 ოქტომბრის 10:00 საათიდან, 2022 წლის 7 ოქტომბრის 20:00 საათამდე- სავარაუდოდ ამ პერიოდებშია მკვლელობა მომხდარი. შესაბამისად მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული იყო გვამთან ერთად. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებას, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არის ამოღებული სხვადასხვა მტკიცებულებები, მათ შორის ამოღებულია სავარაუდო დანაშაულის საგანი. ასევე, ამოღებულია სხვა მტკიცებულებები, ვიდეო მასალა, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს,"-აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

დღის ამბები