19 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
ლეგენდა იმაზე თუ როგორ იმოგზაურა შეფუთულმა ბომბებმა 5 ქვეყნის ტერიტორიაზე - "ეფესბემ" ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ სცენარში საქართველოც ჩართო

ლეგენდა იმაზე თუ როგორ იმოგზაურა შეფუთულმა ბომბებმა 5 ქვეყნის ტერიტორიაზე. გამოქვეყნდა ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული სცენარი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამორიცხავს საქართველოს საბაჟო პუნქტის გავლით საეჭვო ტვირთის გადაზიდვას. ფინანსთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ საქართველოს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება და ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთულ ავტომობილს საბაჟო პუნქტი არ გადაუკვეთავს.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამშენებლო პოლიეთილენის რულონებში კამუფლირებული ტვირთი ფოთის პორტში საზღვაო გზით, ბულგარეთიდან შევიდა. ოფიციალურმა სოფიამ საჯაროდ უარყო კრემლის ვერსია. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გალაბ დონევი აცხადებს, რომ საქმეში არ არის ბულგარული კვალი და ეს ფრაზა მხოლოდ მედიაში გავრცელებულ სტატიებში მოხვდა.

"ეფესბეს" ვერსიით, ბულგარეთიდან ფოთის პორტში შემოსული სატვირთო ავტომობილი, სახმელეთო გზით სომხეთში გაემგზავრა, სადაც გაიარა განბაჟება და კვლავ საქართველოს გავლით, ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტით რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა. ტვირთი კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავიდში სხვა ავტომობილზე გადაიტვირთა, რომელმაც ეფესბეს ვერსიით, გეზი ყირიმის ხიდის მიმართულებით აიღო. დღეს ფაქტს ოფიციალური ერევანიც გამოეხმაურა. სომხეთის შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ფოთის პორტიდან შესულ ავტომობილში საბაჟო შემოწმების შედეგად, საეჭვო არაფერი აღმოჩენილა. უწყება ფოტო მტკიცებულებებსაც ასაჯაროებს.

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქებას მოსკოვმა ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიების ფარგლებში სულ რვა პირი დააკავეს - რუსეთის 5, ასევე უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე. "ეფესბე" ირწმუნება, რომ საეჭვო ტვირთის გადაზიდვის სქემაში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოს ორი მოქალაქეც - სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი, რომლის გვარიც იდენტიფიცირებული არაა. ქართულ კვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს სახელისუფლებო გუნდშიც გამოეხმაურნენ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ყირიმის ხიდზე აფეტქების ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურაა. უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს მომხდარში ვლადიმერ პუტინიც სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი რუსეთმა ყირის ანექსიის შემდეგ ააშენა, აქ ძლიერი აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. მომხდარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები