19 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას ორსული ქალის სიცოცხლე შეეწირა - სახლის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

4 დაღუპული, მათ შორის ერთი ფეხმძიმე და 20-ზე მეტი დაშავებული - ომის დაწყებიდან 236-ე დღე უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ფონზე გათენდა. კიევში, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

28 კამიკაძე დრონი კიევის ცაზე გამთენიისას გამოჩნდა, რასაც 5 აფეთქება მოჰყვა, 23-ის ჩამოგდება უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს. 10-ზე მეტი დრონი კი, შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კიევის ოლქში გაანეიტრალეს.

3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა საოკუპაციო ძალების დაბომბვას სუმის ოლქში. რუსეთმა იქ სამი დასახლება დაბომბა. 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დონეცკის ოლქში კი ოკუპანტების თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიკოლაივში რუსეთის სამიზნე სამრეწველო ინფრასტრუქტურული ობიექტი და ფარმაცევტული საწყობი გახდა. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი. არიან დაშავებულები.

საოკუპაციო ძალებმა დღის განმავლობაში სარაკეტო იერიშები ხმელნიცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვის, ლვოვის, ჩერნიჰივისა და ხარკივის ოლქებზე. ენერგოატომის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ქსელიდან ისევ გაითიშა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი კი, დაბომბვის შედეგად, ისევ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხვას" - ამ სიტყვებით პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას. ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ ოკუპანტები დაისჯებიან, უკრაინა კი გაიმარჯვებს. პარალელურად, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა მსოფლიოს და საერთაშორიო პარტნიორებს რუსეთის ტეორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

უკრაინის ქალაქების დაბომბვის პარალელურად კი რუსეთი ფრონტის ხაზზე გარკვეულ ადგილებში უკან იხევს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ხერსონის ოლქში ტყვედ ჩაბარდა.

დღის ამბები