25 აგვისტო 2026,   20:06
ვრცლად
"ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი დააკავეს - ოპოზიცია სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს

"ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი დავით მიქელაძე დააკავეს. ბრალდება -  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებაა.

პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

უწყების ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან  ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.  ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად  საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ  ითვისებდა.  აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება);  341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წყალკანალის ყოფილი დირექტორის დაკავებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც.  ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ნახევარ მილიონამდე თანხის მითვისება ზემდგომი პირების ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა, ამიტომ ოპოზიციაში სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

"არსებობს ხელვაჩაურში შეუსრულებელი ათეულობით საქმე წყლების გარდა, სადაც მილიონობით ლარი გაქვთ მოპარული, ამიტომ მივმართავ პროკურატურას ნუ შეახოცავენ ხელს მხოლოდ წყალკანალის უფროსს, 520 ათასს ეს პიროვნება მერის და თავმჯდომარის გარეშე ვერ მოიპარავდა, ამიტომ მოვითხოვთ სრულფასოვან გამოძიებას," - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

დღის ამბები