19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
მოსკოვი აცხადებს, რომ ბინძური ბომბის შესაქმნელად ტექნოლოგიებზე კიევი მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან აწარმოებს - რუსეთის მორიგი პროვოკაცია და უკანასკნელი ცნობები ფრონტის ხაზიდან

"ბინძური ბომბი" - რადიოლოგიური იარაღი, რომელიც წამლავს ნიადაგს, წყალს, იწვევს მუტაციურ ცვლილებას ადამიანის ორგანიზმში და ვრცელდება აფეთქების ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრის მოშორებით. სწორედ ამ იარაღის გამოყენებას გეგმავს ოკუპანტი ქვეყნის ინფორმაციით ოფიციალური კიევი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ საკითხს გაეროში დააყენებს.

კრემლის ბრალდებები აბსურდულია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთისთვის. ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა სერგეი შოიგუ და მოახლოებული საფრთხის შესახებ აცნობა. პასუხი რამდენიმე საათში მათი ერთობლივი ბრიფინგი იყო, სადაც რუსეთი სიცრუეში დაადანაშაულეს - უკრაინას კი კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს.

უკრაინის პრეზიდენტი არსებულ საფრთხესთნ ერთად აქცენტს, კვლავ რუსეთის მიერ ნოვაკახოვკას კაშხლის აფეთქების რეალურ საშიშროებაზე აკეთებს. მისი თქმით, კატასტროფა სამხრეთ უკრაინის უდიდესი ნაწილის დატბორვას გამოიწვევს.

პარალელურად, საოკუპაციო ძალა მანიპულირებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურით, სტრატეგიული ობიექტის თანამშრომლებს კი ფიზიკურად უსწორდება.

ინტერვენციის 243-ე დღეს რუსული არმია განაგრძობს იერიშს უკრაინის დიდ ქალაქებზე. ნიკოპოლში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა ენერგოდარი. აქ რუსულმა არმიამ კრიტიკული ობიექტები ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. ქალაქი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.

კონტრშეტევას განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები. მხოლოდ ხერსონის მიმართულებით გათავისუფლებულია 90-ზე მეტი დასახლება. ბოლო 24 საათში განადგურებულია ოკუპანტის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 ზონა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 12 ერთეული "შაჰედ-136"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ არმიას ცოცხალი ძალის კუთხითაც.

დღის ამბები