19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
6 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე ბოლნისიდან, რომელსაც ოცნება "კურიერი PS-მა" აუხდინა - როგორ მოხვდა გიორგი ბოლნისიდან იქ , სადაც "სუხიშვილები" რეპეტიციებს გადიან

ვინ არის საოცრად ნიჭიერი ბოლნისელი ბავშვი, რომელმაც ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე შესრულებული იმპროვიზირებული ცეკვით თავი ყველას დაგვამახსოვრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც 6 წლის ბიჭი თავისივე გამოგონილი ილეთებით ცეკვავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, "კურიერი PS-მა" კი გადაწყვიტა, რომ ბოლნისელი ბავშვი უფრო ახლოს გაგაცნოთ.

მუსიკაზე რითმული მოძრაობით, ინტერპრეტაციით შესრულებული ილეთებით, პატარა ბიჭი ერისთავის ქუჩიდან, მცირე აუდიტორიას მშობლიურ ბოლნისში, დიდ აუდიტორიას კი ტელეეკრანებთან თავის ოცნებებზე უყვება. ცეკვის სიყვარული მისთვის იმდენად ძლიერია, რომ ვიდრე მშობლები სარეპეტიციო დარბაზში მიიყვანდნენ, ქართული ცეკვის ილეთები ინტერნეტით, დამოუკიდებლად ისწავლა. მას სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ, ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვას ატვირთულ ვიდეოს, სადაც გიო მეგობრებთან ერთად პარკში ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე ცეკვავს ათასობით ნახვა, მოწონება და კომენტარი აქვს.

ამის შემდეგ არის ფეხბურთის თამაში, ძმასთან - გაბრიელთან ერთად, რომელსაც სპორტული კარიერა უკვე დაგეგმილი აქვს.

ბიჭებთან ერთად ეზოში ხშირად მამაც თამაშობს. ძმები საოჯახო საქმეშიც აქტიურად არიან ჩართულები. მარანში თუ ეზოში მშობლებს ეხმარებიან. მათ ქუჩაზე - გიოს და გაბრიელს ყველა იცნობს.

გიოს ოცნების ახდენაზე ზრუნვა "კურიერი PS-მა" დაიწყო. ბოლნისიდან თბილისში ერთად გავემგზავრეთ, თვითნასწავლმა მოცეკვავემ პირველად შეაღო იმ დარბაზის კარი, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის პროფესიონალი მოცეკვავეები ვარჯიშობენ, სადაც სუხიშვილები რეპეტიციებს გადიან და იმ დიდ სცენაზე გასასვლელად ემზადებიან, გიომ რომ ჩაიფიქრა და ასე ძალიან უნდა.

გიო ბოლნისში დაბრუნდა, პირობა დადო, როცა დიდ სცენაზე პირველ კონცერტს იცეკვებს მაყურებელთა რიგებში ჩვენ აუცილებლად ვიქნებით. დღეს თუ გიო ამ რითმული მოძრაობებით ბავშვობაზე და მეგობრებზე გვესაუბრება, იმ პირველ კონცერტზე, იმ დიდ სცენაზე ყველა იმ ემოციას, სიხარულს, დარდს თუ განწყობას გაათავისუფლებს, რაც წლებთან ერთად დაგროვდება, როგორი იქნება დიდობაში ცეკვით მოთხრობილი მისი ამბავი, ამას მშობლიურ ბოლნისშიც ელოდებიან და უკვე, არა მხოლოდ იქ.

დღის ამბები