27 აგვისტო 2026,   14:29
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე მიიღო. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

"ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ჩვენი მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვის უფლება ადამიანის უფლებაა, მით უმეტეს, ეს როცა ეხება შვილებს, ოჯახს და ამ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ 48 საათში აღნიშნულ განჩინებას,“ - აცხადებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი ლევან მარსაგიშვილი.

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის თქმით, სასმართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ. უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას, ბრალდებული არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში," - აცხადებს ლევან ჟორჟოლაძე.

დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თავს იცავდა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 3 პირს შორის დაპირისპირება რესტორანში დაიწყო, მოგვიანებით 2-მა დაკავებულს საქმის გასარჩევად სახლში მიაკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოკლულია 26 წლის თემურ ხარანაული. 

ავტორი: სანდრო სანაია

 

დღის ამბები