03 სექტემბერი 2026,   03:12
ვრცლად
ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება - რას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაცვისა და ბრალდების მხარე

ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და "მთავარი არხის" დამფუძნებელი დამნაშავედ სცნო.

ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა. რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. გვარამიას ბრალდება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საკუთრების პირადი მიზნით გამოყენებას ედავება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ჯორბენაძემ გამოაცხადა.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა როგორც ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველების, ასევე "მთავარი არხის" ხელმძღვანელობის მხრიდანაც

"რომ გითხრათ, რომ გამიკვირდა და გაოცებული ვარ, არა, რა თქმა უნდა. სურვილი ყველას გვქონდა, რომ ეს შეცვლილიყო, თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ ეს შეიცვლებოდა და ნიკა გათავისუფლდებოდა, ესეც იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ნიშნავდა, რომ მას სჭირდება ასე. დღეს სჭირდება ბიძინას, რომ ნიკა ჯერ კიდევ იყოს ციხეში. მე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ მიზეზს, ან ისეთ ცვლილებას, ან აქ, ან საერთაშორისო არენაზე, რომ რამეში დასჭირვებოდა ივანიშვილს მისი გათავისუფლება," - აცხადებს ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, განაჩენი არის ცალსახად ყალბი.

"სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა აირჩიეს ლაშა ჩხიკვაძის გზა და მათაც მოაწერეს ხელი განაჩენს, რომელიც არის ცალსახად ყალბი და თავად ეს მოსამართლეები ამაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ იკისრონ ეს მძიმე ტვირთი, რასაც ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხელისშემშლელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. მან პატიმრობაში დატოვა ნიკა გვარამია და ერთადერთი, რაც შეცვალა, იმის გამო, რომ ნიკა გვარამია აქამდე პატიმრობაში იმყოფებოდა ავტომობილის პირადი მიზნებით გამოყენებისთვის, ახლა თქვა, რომ 2015 წლის სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა. მათი არჩევანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მძიმედ ინანებენ," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორი ზვიად გუბელაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე აპირებს გაასაჩივროს განაჩენი, რადგან მიიჩნევენ რომ ბრალად წარდგენილი ქმედება, სამივე პირს აქვს ჩადენილი.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო "რუსთავი2-სთვის" ფინანსური ზიანის მიყენების 2 ფაქტზე და დასაბუთდა ასევე სასამართლოს 2 ინსტანციის გადაწყვეტილებით, რომ ნიკა გვარამიას, ასევე კახაბერ დამენიას ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათი ქმედებით "რუსთავი2-მა" განიცადა 6.7 მილიონი ლარის ზიანი. რაც შეეხება კახაბერ დამენიას, აღნიშნული პიროვნება, ისევე როგორც ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამანაშავედ და მას სასჯელის სახით განესაზღვრა 50 ათასი ლარის ჯარიმა. ზურაბ იაშვილის მიმართ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოპოვებული გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სამივე პირს ჩადენილი აქვს ბრალად წარდგენილი ქმედება,"- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

დღის ამბები