უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო ოპოზიციის ნაწილმა ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადება მოითხოვა, ნაწილმა კი ხელისუფლების სამძიმარი დაგვიანებულად მიიჩნია.
ბრალდებებს უპასუხეს "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს მწუხარებას ქართველი მეომრების დაღუპვის გამო, სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა.
"პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და რასაკვირველია ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სამძიმარს, პირველ რიგში უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ცხედართან არის თავდახრილი, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს დაღუპვის პირველი დღიდან, არა მარტო მათ, ყველა ოჯახს, სადაც ადამიანი დაიღუპა ამ საბრძოლო მოქმედებებში.
მაგრამ, არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე არსება, რომელიც ცდილობს, რომ უბედურება და გლოვა ოჯახის, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებით და ეს ორი ჯგუფი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ცალსახად გამოხატა დაღუპული სამხედროების მიმართ მხარდაჭერა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაეკრძალათ.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული თანამემამულეების ოჯახს. ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული აგრესია უკრაინაში, სადაც ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით 33 ჩვენი თანამემამულე შეეწირა ამ ბრძოლას.
ცალსახად გამოხატა დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა, როდესაც მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალოს და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიღუპა და გადმოსვენებულ იქნა უკრაინიდან, სწორედ სამხედრო პატივით იქნენ დაკრძალული.
საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს - ეს არის სპეკულაცია და არასწორი ინფორმაცია, მითუმეტეს მიუღებელი არის იმ ადამიანებისგან ეს განცხადებები, და ამ შემთხვევაში ხვდებით, რომ რადიკალურ ფრთაზე მაქვს საუბარი, რომელთაც 2008 წელს შუა ომში მიატოვეს," - განაცხადა გივი მიქანაძემ.