23 დეკემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ისეთ საკითხებით სპეკულირება, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს ომში, ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობაა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისეთი საკითხებით სპეკულირება, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს ომში, "ამორალური უზნეობაა".

პრემიერმა ასევე კიდევ ერთხელ განმარტა თავის განცხადება, რომელიც უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ეხებოდა: 

"მე მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემის სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა. 

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, ვიყავი შინაგან საქნეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი. ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა და ყურადღება ყველასთვის ცნობილია. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი გაგებული იყო არასწორად, ყველა ადამიანი, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვუწოდე - ეს დიდი სიცრუეა. 

ყველამ ვიცით, რომ იქნა კონკრეტული გვარები დასახელებული ამ 2 დღის განმავლობაში, არიან ადამიანები კონკრეტული გვარებითა და სახელებით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილთან. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებითა და იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი "ნაცმოძრაობის" და "ომის პარტიის" მიერ. მე ვთქვი შემდეგი, რომ  არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც დიახაც, არიან "ომის პარტიის", იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს, მათ მიერ წაყვანილები. ზოგიერთი მათგანი დღესაც მოქმედი წევრია ამ პარტიის, მაგალითად მამულაშვილი, რომელიც სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერია, ის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელია. მისი და კი, "ნაცმოძრაობიდან" პარლამენტის წევრი იყო. მე მინდა მივმართო მამულაშვილის დას და მისნაირად პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებები ომის ფრონტიდან, არ ვიცი საერთოდ რა სტილია. მე მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც დღეს უკრაინაში ომობენ, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიანად დაბრუნება საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი სურვილი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები