19 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
რუსული ლიბერალური საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია - ლატვიის შემდეგ ტელეკომპანია "დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზიას ლიეტუვაც უუქმებს

რამდენიმე საათიც და ტელეკომპანია "დოჟდს" ლატვიელებთან ერთად, ტელევიზორებში ვეღარც ლიეტუველი მაყურებლები იპოვნიან. რიგაში მიღებული გადაწყვეტილება, ლიცენზია ჩამოერთვა რუსული დამოუკიდებელი მედიისთვის, ლიეტუვაზეც გავრცელდა, რადგან ლატვიის მიერ გაცემული დოკუმენტი არხს ავტომატურად უხსნიდა ევროკავშირის ეკრანებს და არა მხოლოდ. რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ვილნიუსში გადაწყვეტილება ასე ახსნა.

"დოჟდს" 3 შეცდომაზე მოედავნენ: სულ ბოლოს, ჟურნალისტის მიერ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო, სადაც ის საომრად წასული რუსი სამხედროებისთვის აღჭურვილობით დახმარებაზე საუბრობს.

მანამდე იმ რუკის ჩვენების გამო, რომელზეც ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის. ელექტრონული მაუწყებლობის ეროვნულ საბჭოს არ მოეწონა არც ფრაზა "ჩვენი ჯარი", რადგან "დოჟდი" ლატვიამ საკუთარი ფრთის ქვეშ გააფორმა.

უკვე მე-6 დღეა ტელეკომპანია ცდილობს ახსნას, თითოეული შეცდომის მიზეზი და ხაზი გაუსვას იმას, რომ მომხდარიდან რამდენიმე საათში, სადავო ფრაზის ავტორის სამსახურიდან დათხოვნა იყო კიდეც განცხადებისგან გამიჯვნა.

ეთერიდან მიმართა მაყურებლებს არხის მთავარმა რედაქტორმაც. ტიხონ დიადკოს მათი სიმართლის დასტურად ერთ-ერთ არგუმენტად არხის ანტისაომარი პოლიტიკა მოჰყავს, რომელიც რუსეთის ომს თავიდანვე აკრიტიკებდა. ამასთან, მას ბრაზი არ დაუმალავს არც იმ პირების მიმართ, რომლებმაც ლიცენზიის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება უკვე ლატვიაში მიიღეს.

ჟურნალისტ ალექსეი კოროსტილიოვის ფრაზის შემდეგ ლატვიის უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. სუსმა კი რეკომენდაცია გასცა, რომ ის "შავ სიაში" შეიყვანონ და ლატვიაში შესვლა აუკრძალონ. მომხდარმა დიდი მასშტაბები მიიღო. ამას ბევრი ბოდიში მოჰყვა. ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება კი არხზე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად დასახელდა, რომელსაც არც კოროსტილოვი შეწინააღმდეგებია. თუმცა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ მოგვიანებით ამას შეცდომა უწოდა, ვიდეომიმართვაში კი ემოციები ვერ დამალა.

ტელეკომპანია "დოჟდის" ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება, ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიას YouTube პროგრამებზე წვდომასაც აუქმებს. იგივე შეეხება არხის YouTube პლატფორმას ლიეტუვაშიც.

 

დღის ამბები