22 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
თურქეთის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა.

ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.

"ეს დახმარება არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარებას როგორ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში. გვჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისა და შეკავების პოტენციალის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის სამხედრო დახმარებამ 7.2 მლნ, ხოლო წელს დაახლოებით 1.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მხარდაჭერა არ მოიცავს მხოლოდ აღჭურვილობის გადაცემას, ვთანამშრომლობთ ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მიმართულებითაც. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი 6 თვის წინ, ჩავატარეთ ერთობლივი სამმხრივი სწავლებები "კავკასიის არწივი" საქართველოში და "Eternity" თურქეთში. მომავალ 2023 წელსაც მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო მონაწილეობას მიიღებს მრავალეროვნულ და ერთობლივ სწავლებებში," - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ.

დღის ამბები