27 აგვისტო 2026,   17:44
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი ძმები კაკულიების საქმეში - რა წერია ყოფილი პრემიერის შვილის ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა"მოიპოვა

როგორ გაჩნდა ზურაბ ჟვანიას კუთვნილი იარაღი ძმები კაკულიების საქმეში - დღეს, ცნობილი გახდა, რომ არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილს დავით და გურამ კაკულიებმა ყოფილი პრემიერის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან ესროლეს. დადასტურებულია ისიც, რომ ძმებ კაკულიებთან ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბუსას ახლო მეგობრობა აკავშირებს. გამოძიება ეჭვობს, რომ განსასჯელთა სკამზე მჯდომ ძმებს იარაღი სწორედ ყოფილი პრემიერის შვილმა გადასცა. ფაქტის დასადასტურებლად საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა.

მანამდე კი პროკურატურამ ბუსა ჟვანიას დედა გამოკითხა. ნინო ქადაგიძე-ჟვანია ადასტურებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლიდან რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაიკარგა, მათ შორისაა ის პისტოლეტიც, რომელიც კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს. დღეს, გასაჯაროებული სკანდალური ინფორმაცია, ერთი წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახს უმყარებს ეჭვს, რომ ძმებ კაკულიებს და ბუსა ჟვანიას პირდაპირი კავშირი აქვთ 22 წლის ახალგაზრდის ჩაცხრილვასთანაც.

ეს სკანდალური ინფორმაცია სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვისას გააჟღერა. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის თვითმხილველი და ოქროს მოწმე ლევან ვაჩნაძე, ჟვანიების მეზობელიც აღმოჩნდა. 

ბესარიონ ჟვანია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე უკვე გამოჰკითხეს. "კურიერმა" საქმის მასალებიდან მისი ჩვენება მოიპოვა. ჟვანია კაკულიებთან მეგობრობას და მათთან სომხეთში შეხვედრის ფაქტს ადასტურებს, კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირს კი უარყოფს. 

აქვს თუ არა კავშირი ჟვანიას კაკულიების დაკავების დროს ამოღებულ იარაღთან და ნიკო კვარაცხელიას საქმესთან - "კურიერი" ზურაბ ჟვანიას მეუღლეს ესაუბრა, რომელიც პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა. 

დაადგენს თუ არა გამოძიება ბესარიონ ჟვანიას კავშირს კაკულიების საქმესთან და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან, ეს მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გაირკვევა.

სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ძმების საქმის განხილვა 23 დეკემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები