უკვე 4 საათია, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. თავად ექსპრეზიდენტი სხდომას აღარ ესწრება, ადვოკატის განცხადებით, ის შეუძლოდ გახდა.
ამ წუთებში, პროცესზე იკითხება ამერიკელი ექსპერტი - ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ადვოკატმა სასჯელის გადავადების ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"როდესაც მე მიხეილ სააკაშვილი გამოვიკვლიე, მე გამოვიყენე მეცნიერული მეთოდები დიაგნოსტიკისთვის. პირველ რიგში გადავამოწმე სამედიცინო ისტორია და გადავხედე სამართლებრივ კრიტერიუმს. მე ვესაუბრე დედამისს და ბიძამისს, ვიმყოფებოდი "ვივამედის" კლინიკაში და გავესაუბრე მიხეილ სააკაშვილს ფსიქიატრიული პროფილის კუთხით. მიხეილ სააკაშვილთან ყოფნის დროს, როცა მის პიროვნებას ვაფასებდი, მე მივიღე ზომები და ჩავატარე ტესტები. ეს არის სამედიცინო სტანდარტი, როცა სამართლებრივ სიტუაციაში ვუსვამთ ადამიანს დიაგნოზს," - განაცხადა ექსპერტმა ერიკ დევიდ გოლდ სმიტი
შალვა ხაჭაპურიძემ დიდი დრო დაუთმო საერთაშორისო პრაქტიკის განხილვას. თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება განსაკუთრებით მკაცრია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. თავად მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო ჩართული პროცესზე დისტანციურად. მას პოზიცია არ დაუფიქსირებია.