17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
რა ზარალი მიადგა საქართველოს თითქმის 1-კვირიანი სტიქიის შედეგად და სად არის ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა

ძლიერმა ქარმა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხე მოგლიჯა, რომელიც თბილისისკენ მომავალ ავტომანქანას დაეცა. მძღოლი - ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სტიქია გურიაში უკვე 3 დღეა გრძელდება, ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, სახლებს გადახადა სახურავები, დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობაც. შესაბამისი სამსახურები ადგილზე 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

დაზიანებული სახლის გამო, აბაშაში დოლიძეების 6 სულიან ოჯახს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი დროებით სასტუმროში იცხოვრებენ. ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.

ძლიერი ქარის გამო ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა სენაკის სამხედრო დასახლებაში. უამინდობამ იმ კორპუსების სახურავები დააზიანა, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ. ზუგდიდში კი უსაფრთხოების მიზნით, ქარის გამო მთავარი ნაძვის ხე აიღეს. სამეგრელოში ყველა პრობლემურ ადგილას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

სამი დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც. ქუთაისში შენობების გარდა დაზიანდა ავტომობილები, ქარმა მოგლიჯა ხეები, შეფერხებით მუშაობს საკომუნიკაციო საშუალებები, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. დღის ბოლოს რეგიონში ქარი შესუსტდა. სპეციალური კომისია უკვე ითვლის ზარალს, პარალელურად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე 4 დღეა სტიქიაა ფოთშიც - ძლიერმა ქარმა 33 კორპუსი, 121 სახლი, 4 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დააზიანა. მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამოქმედდა ცხელი ხაზი.

უხვი ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში - ამ დრომდე შეზღუდვები მოქმედებს თელავი-გომბორი-ვაზიანის გზაზე. უღელტეხილზე სპეცტექნიკა 24 საათის განმავლობაში ყრის ტექნიკურ მარილს. თელავში ყველა სახის ავტომობილით გადაადგილება დაშვებულია, თუმცა ძლიერი ყინვის გამო შეფერხებით მუშაობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

4 დღეა თოვს დედაქალაქში - სატრანსპორტო მოძრაობა თბილისში არ შეფერხებულა. სპეცტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს და გზებზე ტექნიკურ მარილს ყრის. შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები შემოერთებულ უბნებშიც. იწმინდება შიდა გზები.

ქალაქებში, სადაც ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, დენი ეტაპობრივად ჩაირთვება. აღდგენითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ელექტროენერგია უახლოეს საათებში სრულად უნდა აღდგეს.

დღის ამბები