17 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამო, განსასჯელის სკამზე ძებნაში მყოფ გია უდესიანთან კავშირში მყოფი პირები აღმოჩდნენ

"კურიერის" რესპოდენტი მოლარედ შპს "ზაჰესში" წლების განმავლობაში მუშაობდა. იქ, სადაც გამოძიების ვერსიით უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ. მეტიც, ოფიციალური მტკიცებით, კომპანია საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ წესებს არღვევდა. მათ შორის მარკირებას დაქვემდებარებულ საქონელს აქციზის გარეშე ინახავდა. თანამშრომლები დღეს მედიასთან ყვებიან, რომ არაკანონიერი მუშაობის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

ტერმინალი ახლა ნამდვილად უფუნქციოა, თუმცა აქ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ტერიტორია დანაშაულის ადგილად იქცა. პროკურატურამ დაადგინა, რომ კომპანიაში დანაშაულს არა ერთი პირი, არამედ რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი ჩადიოდა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია საბაჟოს გვერდის ავლით, საზღვარზე ნივთების გადმოტანის მომზადების დანაშაულზე. საქმეზე სამი პირის ბრალეულობა გამოიკვეთა.

დანაშაულისგან მიღებული შემოსავალი სოლიდურია. საუბარია თითქმის 4.5 მილიონ ლარზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიიღეს. დანაშაულის ადგილს დაცვა იცავს, თუმცა ადგილზე უკვე წელიწადზე მეტია ყოველგვარი მუშაობა გაჩერებულია.

საქმის წარმოება საქალაქო სასამართლომ უკვე დაასრულა. ორ პირს - 8 წლით, ერთს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დაკავებულებს შორის მყოფი ზაზა გუგავა, საქართველოში ძებნილი გია უდესიანის დის ქმარია. სწორედ ამიტომ უფლებადამცველებს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ჰგონიათ. ამბობენ, რომ მასში დანაშაულის დამამტკიცებელი არანაირი დოკუმენტი არ დევს. გუგავა სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც არის ბრალდებული. გამოძიება ამ შემთხვევაში მას, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას ედავება. ახლა ეს საქმე განხილვის პროცესშია.

გამოძიება საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ სხვა დანაშაულებთან ერთად ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს ათასობით ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქო. სიგარეტი სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მოსამართლემ ბრალდებულების დაკავების გარდა სხვა გადაწყვეტილებაც მიიღო. ახლა დანაშაულის ადგილად ქცეული საწარმო 25 000 ლარით დაჯარიმდა და მას ძველი ფორმით მუშაობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა. გარდა ამისა შპს "ზაჰესის" ფინანსურ მხარეს შემოსავლების სამსახურიც სწავლობს.

დღის ამბები