ვაზისუბანში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე, ამ დროისთვის, სამართალდაცველებთან ერთან, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი იმყოფებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, ზუსტ დეტალებს გამოძიება დაადგენს.
"ეს ყველაფერი ლიფტის გაუმართაობით მოხდა, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. რაც შეეხება თვითონ ლიფტს და ამხანაგობით ცხოვრების წესს, ლიფტი არის ამხანაგობით მოვლა-პატრონობაშია. მათ აქვთ ხელშეკრულებები კერძო, კვალიფიციურ კომპანიებთან, შესაბამისად, ისინი ახდენენ მოვლა-პატრონობას და ურთიერთშეთანხმებას. თუ ხდება ისე, რომ ლიფტი უკვე ამორტიზებულია, მომართვიანობა ხდება გამგეობებში,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე.
ისნის რაიონის გამგებელი განმარტებით, ლიფტის პრობლემებთან დაკავშირებით, გამგეობაში განცხადება შესული არ იყო.
"მოსახლეობას ლიფტის პრობლემებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გამგეობისთვის არ მოუმართავს, რა მომართვიანობაც ფიქსირდება 2021 წელს და რა კომუნიკაციაც შედგა გამგეობასა და ამხანაგობას შორის, ის ყველა თხოვნა დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, თვითონ მოთხოვნა თუ არ შემოვიდა გამგეობაში, იმ წესით, რა წესითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასე ფიზიკურად ვერ ხდება ლიფტების შეცვლა,"- აცხადებს თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.
როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.