გრძელდება თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.
სტუმრებს მინისტრის მოადგილემ თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.