20 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
"მე რომ ჩავედი, დამხვდა 3 გარდაცვლილი ადამიანი, შემდეგ ჩვენ გაგვიხსნა ცეცხლი..." - საგარეჯოს პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს

საგარეჯოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე პოლიციაში დაკითხვები უკვე განახლდა, პოლიციის კითხვებს თვითმხილველები და ადგილობრივები პასუხობენ.

ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტრაგიკული ღამის დეტალები გაიხსენა. ის არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი ნასვამ მდგომარეობაში იყო. 

"ჩვენ გვესროდა... პირველ გასროლაზე რეაქცია არ გვქონდა, იმიტომ რომ, ეს ქართული მომენტია, ვიღაცებს უჩნდებათ იმის სურვილი რომ "გული მოიფხანონ". მეორე გასროლაზე უკვე აღარ მესიამოვნა.

მე რომ ჩავედი, დამხვდა 3 გარდაცვლილი ადამიანი, შემდეგ გაგვიხსნა ჩვენ ცეცხლი... შემდეგ ეს ადამიანი გავარდა უკან და გზის მიმართულებით დაიწყო სროლა, საიდანაც მოხდა პოლიციელის მკვლელობა და ადამიანების დაჭრა.

შესაძლოა, იყო ნასვამ მდგომარეობაში, ნათლისღება იყო და იმ ღამეს დაიწყო სროლა. შეიძლება დალია და იმ მომენტში პიკში ავიდა," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

პარალელურად, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. 24 წლის ახალგაზრდა "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. შედარებით მსუბუქია ორი დაჭრილის მდგომარეობა, მათ რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

დღის ამბები