2 თვიანი განხილვა დასრულებულია - მიხეილ სააკაშვილი ციხეში რჩება. მოსამართლე არევაძემ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შესაბამისად არ არის გაზიარებული ადვოკატების არგუმენტები, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო წესით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაყვანა სჭირდება. გადაწყვეტილება ნახევარი საათის წინ გამოცხადდა, რასაც დარბაზშივე მოჰყვა ხმაური.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია, თუმცა მორიგი მოწოდება უკვე გაავრცელა პალატიდან.
პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები თითქმის 4 საათი ელოდებოდნენ მოსამართლის ვერდიქტს. ხმაური სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებასაც დაცვის სამსახურსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს პარტიის ოფისში ელოდება.
""ნაციონალურ მოძრაობაში" ველოდები ყველას - მიშას და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს და პარტიაში გაკეთდება განცხადება. ცხადია, საზოგადოებას ექნება კონკრეტული ინფორმაცია," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ავტორი: ანუკა ბუავა