05 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
სპეცოპერაცია "კრიესორი" იგივე "მთავარი"- ალბანეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი ე.წ "კანონიერი ქურდი" დააკავეს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ახლა საქართველოში ექსტრადირების მოლოდინშია. ლავას ოღლის სახელით ცნობილი კრიმინალური "ავტორიტეტი" ალბანეთის დედაქალაქში დააკავეს. სპეცოპერცია კოდური სახელწოდებით "კრიესორი" ქალაქ ტირანას პოლიციამ ჩაატარა. საპოლიციო ღონისიება ქართული მაფიის ლიდერის დაპატიმრებით დასრულდა. ფაქტს აქტიურად აშუქებს ალბანური მედია.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი მინდია გორაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს. საქართველოში მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბათუმში, მინდია გორაძის ოჯახი ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებს, საქართველოში ლავასოღლის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს აბსურდულ უწოდებს ადვოკატი ლექსო კობაიძე. ის კანონიერი ქურდის ინტერესებს 2018 წელს ქუთაისის სასამართლოში იცავდა.

მინდია გორაძის დაკავების მცდელობა რამდენიმე თვის წინ პოლონელ სამართალდამცველებსაც ჰქონდათ. ვარშავაში ჩატარებული სპეცოპერციის დროს ლავასოღლის დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს, თავად კანონიერი ქურდმა კი გაქცევა მოახერხა.სპეცოპერაციას წინ ე.წ. ქურდული გარჩევაც უძღოდა სადაც კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

42 წლის მინდია გორაძის სახელი საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ქურდული გარჩევების ამსახველ ფარულ ჩანაწერებში.

მინდია გორაძე ამჟამად ალბანეთის დედაქალაქში, საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. საქართველოში ექსტრადაციის შემთხვევაში მას 12 წლიანი პატიმრობა ელის.

 

დღის ამბები