02 მაისი 2024,   12:36
ვრცლად
არსებული ვითარება დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრთან - "კურიერი" ქალაქ ქარამანმარაში იმყოფება

სტიქიური უბედურების მესამე დღე თურქეთსა და სირიაში. მონაცემები მსხვერპლის შესახებ ყოველ საათში იზრდება. ამ დროის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია თითქმის 8 ათასი ადამიანი, დაშავებულია 35 ათასამდე. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, საბოლოოდ, 20 ათასსაც კი გადააჭარბოს.

თურქეთის ქალაქ ქარამანმარაში ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრთან, მხოლოდ ერთ, 10-სართულიან კორპუსში ბიძგების დროს მინიმუმ 1000 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ნაწილმა მოასწრო გამოქცევა, მათი დიდი ნაწილი კი დარჩა ნანგრევების ქვეშ. "კურიერის" გადამღები ჯგუფის ადგილზე ყოფნის მხოლოდ უკანასკნელი 1 საათის განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც ამოიყვანეს როგორ ცოცხალი ადამიანები, ასევე - დაღუპულთა ცხედრები. ეს პროცესი ღამის და დილის საათებში უწყვეტად გრძელდება.

გარკვეულ მომენტებში ამყარებენ კონტაქტს ნანგრევებში მყოფ ადამიანებთან, ჩერდება ტექნიკა, ჩუმდება ყველა და ეძახიან იქ მოყოლილ ადამიანებს, რათა გაიგონ მათი ხმა, შემდეგ კი იგეგმება ნაბიჯები მათ ამოსაყვანად. ქალაქი სრულიად პარალიზებულია, უწყვეტად მუშაობს სპეციალური ტექნიკა და სამაშველო რაზმები.

არცერთი გადარჩენილი შენობა, რომლებიც მიწისძვრის დროს არ დანგრეულა, არსებული შეფასებით არ არის მყარი და უსაფრთხო. შესაბამისად, ყველა მოქალაქე გამოყვანილია ქუჩაში, სადაც ისინი ღამეს ათევენ. მათ ეხმარებიან ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

დღის ამბები