17 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
მე ვიდექი წინა შესასვლელთან და არავის უცდია არც შუშის ჩამტვრევა, არც შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია - სპეცრაზმი, პროვოკაციისთვის, შიგნიდან გვესროდა ბოთლებს და გვასხამდა წყალს - ხატია დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არ იყო ძალადობრივი და განცხადებები ამასთან დაკავშირებით სიცრუეა.

დეკანოიძე ამბობს, რომ თავად იდგა დილამდე პარლამენტის წინა შესასვლელთან და არავის უცდია, არც შუშის ჩამტვრევა, არც შენობაში შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია.

"რაც შეეხება ძალადობას - ეს არის სიცრუე. ეს პროპაგანდა არ მუშაობს, რადგან მე პირადად, დილამდე ვიყავი რუსთაველზე, მე ვიდექი პარლამენტის წინა შესასვლელთან. როცა ხელისუფლებამ, პოლიციამ მოხსნა პარლამენტის ყველანაირი დაცვა შენობის წინა ტერიტორიიდან, ადამიანები თვითონ ალაგებდნენ ბარიკადებს. მე ვიდექი შესასვლელთან და არავის უცდია არც შუშის ჩამტვრევა, არც შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია. უფრო მეტსაც გეტყვით - როდესაც ვიდექით პარლამენტის წინა შესასვლელთან, სპეცრაზმი პროვოკაციისთვის, შიგნიდან გვესროდა ბოთლებს და გვასხამდა წყალს,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები