17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
როგორი "მშვიდობიანი" აქციაც იყო გუშინ, ისეთი "რუსული" კანონია გამჭვირვალობის კანონი - გურამ მაჭარაშვილი

"ძალადობრივი საბოტაჟი პარლამენტზე," - ასე შეაფასა გურამ მაჭარაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართული გუშინდელი აქცია.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერი დარწმუნებულია, რომ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავი აირები, რაზეც შსს-მ ისაუბრა, სწორედ იმ "შავი ფულითაა" დაფინანსებული, რის წინააღმდეგაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია მიმართული.

"როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთი რუსული კანონია გამჭვირვალობის კანონი. კამერებთან დგახარ, შენ უკან ცეცხლწაკიდებული კარია, ქვებს ისვრიან, საბოტაჟს აწყობენ, იგინებიან და ამაზე ამბობენ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, ის პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხს აგებენ ახალგაზრდების წაქეზებისთვის და რომლებმაც მათ ამ რევოლუციურ სცენარებში მიაღებინეს მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამოიღეს ისეთი მხუთავი აირი მოძალადე აქციის მონაწილეებისგან, როგორიც, მისი თქმით, საქართველოში არაა რეალიზაციაში. დაადგენენ ახლა ამას და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც საუბარია იმ შავ ფულზე, რომლის გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვთ, ზუსტად ამ შავი ფულითაა დაფინანსებული ასეთი ძალადობრივი აქციები და ეს მხუთავი აირებიც ამ ფულითაა ნაყიდი. ნურავინ ნუ შეწუხდება იმაზე, რომ ძალადობრივი საბოტაჟი პარლამენტზე ევროპულ ღირებულებად მონათლოს,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები