07 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
9 წლიანი პატიმრობა ძმებ კაკულიებს - ისარგებლეს თუ არა დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდებულებმა და რატომ შეუმსუბუქდათ მათ მძიმე მუხლი

დღესვე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმები კაკულიები, თუმცა არა ყველა წარდგენილ მუხლში.

მოსამართლემ გუგა და დავით კაკულიებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა, სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებით შეუცვალა, ამის მიუხედავად, ორივე ძმას 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს.

ძმებ კაკულიებს ბრალი სამი მუხლით აქვთ წარდგენილი, თუმცა ადვოკატები სამივე ბრალდებაში გამართლებას ითხოვდნენ. პროკურატურა თავის მხრივ მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდა, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, საზღვრის უკანონო კვეთას და ჩხრეკისას აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა მოსკოვში, წლების წინ მოკლული ქართველი "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებენ. 

დავით და გურამ კაკულიებმა მოსამართლის განაჩენი მოისმინეს და დარბაზი ისე დატოვეს, არაფერი უთქვამთ. 9 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ძმებ კაკულიებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება ზვიად შარაძემ 1 საათიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.

განაჩენს, სხდომათა დარბაზში ისმენდნენ დავით და გურამ კაკულიების ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ საქალაქო სასამართლო ისე დატოვეს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე არაფერი უთქვამთ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში, დაცვის მხარე მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს. განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს ბრალდების მხარეც.

პროკურორის მტკიცებით, მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის მაისში, არაყიშვილის ქუჩაზე, გურამ და დავით კაკულიებმა, სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილს განზრახ მკვლელობის მიზნით ესროლეს, სწორედ ამიტომ შემსუბუქებულ მუხლს ბრალდების მხარე კატეგორიულად არ იზიარებს. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ დაზარალებულების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების გამო, მათ მიმართ სამართლებრივი პროცესებიც დაიწყოს. სერგი ქურთიაშვილმა და გიორგი კაჭკაჭაშვილმა ერთ-ერთ პროცესზე თქვეს, რომ დაკავებულებს მათთვის არ უსვრიათ.

დავით და გურამ კაკულიები სამართალდამცველებმა, ორთაჭალაში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. მათ გამოძიება სერგი ქურთიაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას და საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა.

დღის ამბები