26 დეკემბერი 2024,   04:33
ვრცლად
თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ გარკვეულ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პარტიას ჯერ მსჯელობა არ ჰქონია.

"მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გაცხადდა, ჩვენ არ გვქონია უმრავლესობის შეკრება და გუნდში არ გვქონია ზოგადად მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლება, რომ დღეს გუნდის პოზიცია დავაფიქსირო. შევიკრიბებით, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მე, როგორც იურისტი გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. შემიძლია გითხრათ, რომ იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე, თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ გარკვეულ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით.

ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული NGO-ს თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან ახლა, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, მაგალითად, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს არის საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დგას, მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან.

ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედია საშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზეა საუბარი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ.

ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობაც და არამარტო კანონმდებლობა, ზოგადად ყველამ იცის რომ აღნიშნავს ჯაშუშს. ანუ, საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტური საქმიანობა, როგორც ასეთი - მსგავსი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის და რაღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ ამ ტერმინს რეალურად ვერ გამოეკიდები, იმიტომ რომ არსებობს დაზღვევის აგენტი, რომლის მიზანია რომ დაგარწმუნოს კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო კომპანიასთან, ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ნიშნავს იმას რომ აგენტებზე და აგენტურაზე მუშაობს ხომ. ანუ, ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები