26 დეკემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს" - შალვა პაპუაშვილი ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე

"ისინი, ვისაც საკუთარი ქვეყნისთვისაც კარგი უნდათ, ოპტიმიზმით ველით ტრამპის ინაუგურაციას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებასა" და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ღირებულებითი თანხვედრა აქვს.

"მთელი სამყარო ელოდება 20 იანვარს. საინტერესო ის არის, რომ მოლოდინია უკეთესობისკენ. მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, საქართველოში "ქართული ოცნება" და ჩვენი მხარდამჭერები ვართ მარტო და ოპოზიციას კარგი მოლოდინი არ აქვს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

ჩვენ გარდა, სამყაროში ვის აქვს კარგი მოლოდინები ტრამპის ინაუგურაციისგან?! მათ, ვისაც უნდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ რეგიონში დაწყებული ყველაზე დიდი ომი რამენაირად დასრულდეს. დასრულდეს არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი, არამედ მთლიანად ის კონფლიქტები, რომელიც შესაძლოა ამის გარკვეული ექოც კი არის. ისინი, ვისაც უნდათ საკუთარი ქვეყნისთვისაც კარგი, ოპტიმიზმით ველით ტრამპის ინაუგურაციას.

პირადად, "ქართული ოცნება" რატომ ველით? არა იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ტრამპის ადმინისტრაციას რაიმე განსაკუთრებული გეგმები აქვს საქართველოსთან, თუ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, ველით იმიტომ, რომ ვუყურებთ რა პოლიტიკას ისახავს ის მისი პრეზიდენტობის პერიოდში. ვხედავთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ემთხვევა მის დამოკიდებულებას. მისთვისაც ეს ლგბტ ისტერია, რომელმაც, სამწუხაროდ, მოიცვა სამყაროს გარკვეული ნაწილი, არის მიუღებელი და აპირებს ამის წინააღმდეგ ქმედებებს. ვხედავთ, დაუსრულებელი კონფლიქტები, რომელიც არის ბოლო პერიოდში წარმოშობილი, მისთვისაც არის მიუღებელი და უნდა, რომ ეს დაასრულოს.

როცა ვსაუბრობდით ომის პარტიაზე, ვხედავთ, რომ მის რიტორიკაშიც არის ომის პარტია, როცა ჩვენ ვსაუბრობდით Deep State-ზე, მის რიტორიკაშიც არის ის, რომ არის არაფორმალური გავლენები სხვადასხვა სახელმწიფოს მართვაში, ზუსტად ამას საუბრობს ტრამპი, ამიტომ, ამ მხრივ, ვუყურებთ, რომ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, მანამდე ხომ რამე პრობლემური საკითხები არ არსებობდა ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის. ეს ყველაფერი წამოვიდა იმიტომ, რომ შეიცვალა კონტექსტი, ჩვენ აღმოვჩნდით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ომის არეალში და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთებს ჩვენ მიმართ ჰქონია სპეციფიკური ინტერესი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები