26 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
პროტესტის ერთი თვის თავზე, დემონსტრანტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ - პერფორმანსს "ქართული ოცნება" ხავერდოვანი რევოლუციის სცენარს უკავშირებს

28 დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო პერფორმანსს სახელისუფლებო პარტია ეხმაურება. ჯაჭვი, რომელიც მოქალაქეებმა უნდა შექმნან, მმართველი გუნდის განცხადებით, ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციების ავტორი ორგანიზაციების მიერ კარგად მოფიქრებული სცენარის შემადგენელი ნაწილია.

მსახიობები, სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახები - "ქართული ოცნების" წევრების აზრით, ის სამიზნე ჯგუფები არიან, რომლებსაც სერბული "კანვასისა" და "ოტპორის" მიერ სემინარები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩაუტარდათ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ლობისტები, ამ ფორმით, ოპოზიციის შენიღბვას ცდილობენ. მიზანი კი უცვლელია - ქაოსი და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პროტესტი თბილისის ქუჩებში თვითორგანიზებულია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აქციებს წინასწარ გაწერილი გეგმა არ აქვს და პოლიტიკოსები მასში მონაწილეობას რიგითის სტატუსით იღებენ.

ოპონენტები რომ აქციის რიგით მონაწილეებად პოზიციონირებენ, არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ე.წ. ჯაჭვის თუ სხვა პერფორმანსების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მათი თქმით, რეალურად დემონსტრაციების უკან ოპოზიციისა და მათი ლობისტების ინტერესები დგას.

საპროტესტო ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა თბილისსა და რეგიონებში იგეგმება. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები