მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრმა პირველი უსახლკარო ძაღლი უკვე მიიღო, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა იწყება. ცენტრი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე აშენდა და ის დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. პოპულაციების მართვის ცენტრის ფუნქცია ქუჩის ბინადარ ცხოველებში დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებაა.
პოპულაციების მართვის ცენტრს წელიწადში 6000-ზე მეტი ცხოველის მიღება შეუძლია. სტერილიზაცია-კასტრაციის გარდა ქუჩის მობინადრეებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ჩაუტარდებათ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ცენტრი შინაური ცხოველების უკონტროლო გამრავლების პრევენციას მოახდენს.
40-მდე ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი განახლებული სივრცე სრულად თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. უსახლკარო ძაღლების უკანონოდ გამრავლების თავიდან არიდების მიზნით, სამომავლოდ, თავშესაფრების განახლებაც იგეგმება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 735 000 ლარი შეადგინა.