25 აგვისტო 2026,   17:51
ვრცლად
"ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ" - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძოლებს

პირველად ისტორიაში - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა სპორტსმენებმა "თბილისი არენაზე" ისლანდიასთან გამართეს და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 80-ით 77 დამარცხდნენ. 3-ქულიანი სხვაობით დამარცხების მიუხედავად, საქართველო შემდეგ ეტაპზე გავიდა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები, ისლანდია სამი ქულით იყო წინ და ზუსტი სროლის შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სკანდინავიელები მოიპოვებდნენ. თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს. შეხვედრა დასრულდა და "თბილისი არენაზე" ზეიმი დაიწყო.

თბილისი არენაზე დაწყებული ზეიმი ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა, გულშემატკივრებმა ეროვნული ნაკრები თბილი არენას მიმდებარე ტერიტორიიდან ოვაციებით გააცილეს.

"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა, მაინც ბედნიერები ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ," - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსიმ.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად მიულოცა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის 31 საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს, ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 23 ნაკრების ვინაობაა ცნობილი, დარჩენილია ცხრა საგზური. ელიტური ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში-ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები