22 აგვისტო 2026,   04:32
ვრცლად
დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ - ექნებათ თუ არა რელიგიური ორგანიზაციის წევრებს გარკვეული პრივილეგიები

დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებისგან განსხვავებით, კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

კანონპროექტს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ ოპოზიციაში. კანონპროექტის შეცვლის მოტივად კი იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა სახელდება, რომელიც "გირჩმა" გამოიყენა და ათასობით ახალგაზრდას საშუალება მისცა სამხედრო სამსახური თავიდან აერიდებინა. პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ალტერნატიულ კანონპროექტს წარუდგენს.

"კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრო შემოაქვს, არის დისკრიმინაციული რელიგიური ნიშნით, იმიტომ, რომ კონკორდატზე დაყრდნობით მართლმადიდებლურ ეკლესიას რჩება პრივილეგია. ჩვენი კანონი გულისხმობს, რომ ჯარში წავა მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც აქვს ამის სურვილი. ეს აკისრებს მთავრობას ვალდებულებას, რომ ისეთი პირობები შეუქმნას, ისეთი ანაზღაურება გადაუხადოს, რომ სათანადო რაოდენობას ადამიანების, სურვილი გაუჩნდეთ ჯარში წასვლის,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული რელიგიური სტატუსით, დაექვემდებარებიან ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

"ახლებურად განისაზღვრება ახალწვეულთა თუ წვევამდელთა სამხედრო სამსახური. იმ პირებისთვის, რომლებიც არიან რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათთვის განისაზღვრება ალტერნატიული შრომითი სამსახური. ასე, რომ ამ შემოთავაზებას დაექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარგებლობს რელიგიური ორგანიზაციების პრივილეგიებით,"-აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ავტორი : მაია გრიგოლია

დღის ამბები