17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
საქართველო ისტორიული ტურნირის მოლოდინშია - ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ზუსტად 100 დღეში გაიმართება

ისტორიული ტურნირის მოლოდინში, საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით 21 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველოს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებისთვის მზადება უკვე თითქმის დასრულებული აქვს. ათვლა დაწყებულია, ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი, ზუსტად 100 დღეში გაიმართება.

21 წლამდელთა ჩემპიონატს საქართველოს სამი ქალაქი-თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს. "ბათუმი არენა" იქნება 8 ივლისს ფინალური თამაშის მასპინძელიც. ფინალამდე კი, რომელშიც მოხვედრის შანსი ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც აქვს, საქართველომ ჰოლანდიის, პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებები უნდა დაამარცხოს. 21 წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე იტალიაში, კვარადონად წოდებული ხვიჩა კვარაცხელიაც დაეხმარება.

კონტინენტის პირველობაზე 16 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს 21 წლამდე ნაკრები. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას დინამო არენაზე გამართავენ, "ა" ჯგუფში საქართველოს გარდა ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები იასპარეზებენ. ძლიერი კონკურენტების მიუხედავად ქართველ ფეხბურთელებს წარმატების რეალური შანსი ექნებათ, იმის გათვალისწინებით რომ 21 წლამდელებს ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშე დაეხმარება, არ არის გამორიცხული ევროპის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა მიიღონ მონაწილეობა.

ევრო 2023 მატჩები სამ ქალაქში მდებარე 4 სტადიონზე ჩატარდება, თბილისში დინამო არენასა და განახლებულ მიხეილ მესხის სტადიონზე, ქუთაისში მდებარე რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო სტადიონსა და ბათუმი არენაზე. დღეიდან ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია, აბონემენტების ფორმატში დაიწყო.

ევროპის 2023 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა და პირველი შეხვედრა რუმინეთში ჩატარდება, ფინალური მატჩი კი 8 ივლისს ბათუმი არენაზე გაიმართება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები