15 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საქართველოს პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო ვანო მერაბიშვილი და ხელისუფლების დამხობისთვის დაანონსებული მასშტაბური აქციები - რა გამოხმაურება მოჰყვა მერაბიშვილის განცხადებებს

"ორი გვამის" ავტორი ისევ უკმაყოფილოა და ნანობს, რომ საქართველო რუსეთთან ომში უკრაინასთან ერთად ჩართული არაა. ვანო მერაბიშვილის საომარი და რევოლუციური რიტორიკა კვლავ უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისმოდა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მასშტაბურ აქციებს, უკომპრომისო ბრძოლას, და ხელისუფლების ცვლილებებს აანონსებს. SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიისას მერაბიშვილმა სწორედ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. რუხი კარდინალის მუქარა, ოცნების ხელისუფლებისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციური პარტიების სურვილები საქართველოს ომში ჩაბმასთან დაკავშირებით თანხვედრაშია. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები იმ ახალგაზრდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან რომლებიც ამა თუ იმ საკითხის გამო საპროტესტო აქციაზე გამოვლენ. მერაბიშვილის რევოლუციურ სურვილებს ასრულება არ უწერია-ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის ამბიციებსა და სურვილებს ემიჯნება "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილიც. მერაბიშვილის გამოჩენა პარტიისთვის პოლიტიკური აქტივების დაკარგვას ნიშნავს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ვანო მერაბიშვილის სურვილებზე მედიასთან საუბარი არ სურს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ უკრაინელ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას რცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს და არ დგას უკრაინის გვერდით ამ ომში - შესაბამისად, ფიქრობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებით შეიცვალოს, რასაც რუსეთთან დაპირისპირებაც მოჰყვება. მერაბიშვილის პოზიციის ღია მხარდაჭერისგან, დღეს, მის მიერ მხარდაჭერილმა "ნაცმოძრაობის ლიდერებმა" თავი შეიკავეს. თქვეს, რომ ოპოზიციური პარტია 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეა ორიენტირებული.

ვანო მერაბიშვილის პარალელურად, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების შესაძლებლობებზე უკრაინელმა ანალიტიკოსმა სავიკ შუსტრემაც ისაუბრა. შუსტერი გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს. ანალოგიური მოსაზრება აქვს შეერთებული შტატების დაზვერვის გადამდგარ ოფიცერსაც. სკოტ რიტერის აზრით, საქართველოს მთავრობა მითითებებს არ ემორჩილება, რის გამოც უნდა დაისაჯოს.

მეორე ფრონტთან დაკავშირებულ პოზიციას დღესვე უკრაინის საელჩოც გამოეხმაურა. დიპლომატიური წარმომადგენლობა ხელისუფლებას მტრის სხვაგან მოძებნას ურჩევს. საუბრები შესაძლო ომზე მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. კანონმდებლები ხელისუფლებასა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, რიტორიკას უწუნებენ.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რიტორიკა, თვითლუსტრაციაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამოაზრეები ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფონის შექმნას მუდმივად ცდილობენ. ლიდერების აზრით, მიზანი სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილია, რასაც მათი თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მასშტაბურ დემონსტრაციებს აანონსებს.

დღის ამბები