20 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტრო

კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აქვე აღნიშნავს, რომ უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

სამინისტროს ინფორმაციით ფასების ხელოვნური ზრდა დაფიქსირდა სხვა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ.

"გარკვეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან კვლავ ფიქსირდება არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც იმაში აისახება, რომ ამ ეტაპზე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზარდეს ფასი. იცით, რომ თებერვლის თვეში მსგავსი შემთხვევები სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც ხდებოდა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს მაშინ ჰქონდა რეაგირება. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებს ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტზე ზუსტად ერთი და იგივე თანხა აქვთ განსაზღვრული და ასევე ფასი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზრდას უკან არანაირი შინაარსობრივი მიზეზი არ უდგას.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია კონკურენციის სააგენტო იმისთვის, რომ ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც იცით ონკოლოგიურ მედიკამენტებს სახელმწიფო 25 000 ლარიანი ლიმიტით აფინანსებს და ფასების ხელოვნური ზრდა ხელს უშლის ხელმისაწვდომობას," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

დღის ამბები