18 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - რა კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა ანალენა ბერბოკი საქართველოში

ანალენა ბერბოკი საქართველოში კონკრეტული გზავნილებით და დავალებით ჩამოვიდა, ქვეყანას ევროკავშირის საერთო პოზიცია გადასცეს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამდა იმას, რომ ბრიუსელს საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს, თუმცა ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა პოლარიზაცია უნდა დაძლიონ.  

"საქართველო არის ევროკავშირი - ჩვენ ამ გზაზე მხარს გიჭერთ" - აღნიშნა 7-9 მარტის მოვლენებით შთაგონებულმა გერმანელმა დიპლომატმა, თუმცა ისიც შეგვახსენა, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა არ დამოკლებულა. "ხელი გამოწვდილია, კარი გაღებული - დარჩა 12 პუნქტის შესრულება" - თქვა სტუმარმა, რომელიც ყველა პოლიტიკურ აქტორს შეხვდა და ყველას უთხრა, რომ მარტო ევროკავშირში ვერ მოხვდებიან და რომ ეს საქმე ერთიანობით გამოვა.

თავისუფალი მედია, გამართული მართლმსაჯულება, პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დებატები და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ის ამოცანებია, რაზეც ბერლინი საუბრობს და რაზეც ის თბილისში მესამე სექტორსაც ესაუბრა. სამოქალაქო საზოგადოება იყო პირველი, ვისთანაც სტუმარი შეხვედრაზე მივიდა, რაც მასპინძლებმა სიმბოლურ გზავნილად მიიღეს.

დღის ბოლოს კი იყო შეხვედრა ოპოზიციასთან, თუმცა არასრული შემადგენლობით. 

"საქართველო ვერ გაიგებს მორიგ უარს ევროკავშირიდან და თავს მიტოვებულად იგრძნობს" - ეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია, რომელიც მან სტუმართან ორბელიანების სასახლეში გააჟღერა, კანდიდატის სტატუსზე საუბრის დროს.

შიდა პოლიტიკური ვითარების განხილვის გარდა, რთული გამოსაცნობი არაა, რომ თბილისში საუბრები იმ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობებსაც შეეხებოდა, რომელიც ევროპის პოლიტიკურ რუკაზე იკვეთება. უკრაინის ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დახურულ შეხვედრების განხილვის თემა იყო. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტიდან სტუმარმა გეზი პირდაპირ საოკუპაციო ხაზისკენ აიღო. ოძისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელმა წარმომადგენლებმა სტუმარს პირადად აჩვენეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული ბაზები. 

ანალენა ბერბოკი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩამოფრინდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სურვილი აქვს, მალე საქართველოც ამ პოზიციაში იხილოს. 

დღის ამბები