14 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
ბახმუტის აღების გეგმა ჩავარდნილია - რუსეთის არმია იქ შეტევის ფაზის შემდეგ თავდაცვით სქემას უბრუნდება

ბახმუტის აღების გეგმა ჩავარდნილია - რუსეთის არმია იქ შეტევის ფაზის შემდეგ თავდაცვით სქემას უბრუნდება. ომის დაწყებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ დონეცკის ოლქის ეს ქალაქი კვლავ ყველაზე ცხელ ზონად რჩება, თუმცა რუსეთის არმიის და "ვაგნერის" დაჯგუფების მხრიდან შეტევები შემცირებულია. ბახმუტში ვითარების დასტაბილურების შესახებ ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ. ამავეს ადასტურებს ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც დღევანდელ მიმოხილვაში მიზეზებსაც განმარტავს - ესენია სამხედრო დანაყოფების გამოფიტვა, დიდი დანაკარგები და ურთიერთშეუთანხმებლობა.

ამ ფონზე საოკუპაციო ჯარის აქცენტი გადატანილია სხვა ქალაქებზე - მათ შორის ბახმუტის სამხრეთით მდებარე ავდიივკაზე, კრემენნაიასა და სვატოვოზე. არ წყდება სარაკეტო იერიშები, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

უკრაინის თავდაცვა შეტევების მოგერიებას მეტ-ნაკლებად წარმატებით ახერხებს, თუმცა მძლავრი კონტრშეტევის დაწყებას არ ჩქარობს. გაზაფხულის კონტრშეტევა, რომელიც ზამთარში უკრაინის დაზვერვამ დაანონსა, გადავადდება. ამას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუში მიზეზად საკმარისი შეიარაღების არქონა დაასახელა. ის პარტნიორებს მოუწოდებს საბრძოლო მასალა და ავიაგამანადგურებლები მიაწოდონ. ამასთან, ზელენსკი ფინანსური მხარდაჭერის საკითხებსაც განიხილავს.

უკრაინას საბრძოლო ტექნიკას აწვდიან ევროპელი პარტნიორები. პარალელურად, გერმანიაში დიდ ბრიტანეთსა და სხვა სახელმწიფოებში ახალ შეიარაღებასთან ადაპტაციის მიზნით უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს. მთავარ მხარდამჭერად რჩება აშშ. ჯო ბაიდენი სწორედ უკრაინის დახმარების პაკეტებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავდა კანადაში ვიზიტის ფარგლებში.

169 890 - ეს არის ოკუპანტი სამხედროების რაოდენობა, რომელიც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით მათ ომის დაწყებიდან დღემდე გაანადგურეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მხოლოდ ბახმუტში გასული 1 წლის განმავლობაშ 20-დან 30 000 ჯარისკაცამდეა დაღუპული. დაკონკრეტებული არ არის თუმცა აღიარებენ, რომ სოლიდური დანაკარგები აქვს უკრაინის თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობასაც. 

 

დღის ამბები