ჟიგიმანტას პავილიონისს ბოდიში არ მოუხდია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობდა, მოეტყუებინა ქართველი საზოგადოება, თითქოს სააკაშვილზე, გვარამიასა და მელიაზე იყო დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი თავის ქვეყანაში მაინც და მაინც კარგი რეპუტაციით არ გამოირჩევა.
"იგი არის იქაური ოპოზიციის წევრი და საზოგადოებაში არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაცია გააჩნია. ჩვენ ვნახეთ, რომ იგი აქციაზეც მივიდა და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი წახალისება ძალადობის ამ ადამიანის მხრიდან. ისეთი ფაქტებიც გვახსოვს, როდესაც მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოდიშიც კი მოუხდია. ასევე, მისი განცხადებები კარგად გვახსოვს მელიას, გვარამიას, სააკაშვილის დაპატიმრებების დროს და სამივე ჯერზე გვეუბნებოდა, რომ თუ ამ ადამიანებს არ გავუშვებდით, ეს საქართველოს დააშორებდა და ევროკავშირის გზას გადაუკეტავდა. ერთი მხრივ, მათი გაშვება ჩვენი მხრიდან არ მოხდა და მეორე მხრივ, ვერც ვერავინ შეგვიშალა ხელი, რომ ევროკავშირთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. რაც ყველაზე მთავარია, სტრასბურგის სასამართლოშიც მოვიგეთ საქმეები სამივე ამ ადამიანის მიმართ. არ ჩამოსულა ეს ბატონი და ბოდიში არ მოუხდია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობდა, მოეტყუებინა ქართველი საზოგადოება, თითქოს სააკაშვილზე, გვარამიასა და მელიაზე იყო დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაცია.
ვფიქრობ, ჯერ კეთილი ინებოს გაკეთებულ განცხადებებზე მოუხადოს ბოდიში ჩვენს საზოგადოებას და შემდეგ მისცეს თავს უფლება, რომ დემოკრატიაზე გველაპარაკოს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე გამოჩნდა.